ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ თავის მეთოდებს ვერ იშლის, ხელისუფლებაში ყოფნისას ადამიანებს მუქარას უსრულებდნენ, 2012 წლის შემდეგ მათ შეუძლიათ დამუქრება, მაგრამ ვეღარ ასრულებენ
„ნაცმოძრაობა“ თავის მეთოდებს ვერ იშლის. ისინი ვერავის აუსრულებენ მუქარას, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ექიმებს, დამსახურებულ ადამიანებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ვივამედის“ დირექტორის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის ადვოკატები ექიმებს ემუქრებიან, რომ „მაგნიტსკის“ სიაში შეიყვანენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ექიმების მიმართ მუქარა პრინციპულად მიუღებელია.
„„ნაცმოძრაობა“ არ იშლის, ვერ იშლის თავის მეთოდებს. ამას ისინი აკეთებდნენ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში 2004-2012 წლებში. მაშინ ადამიანებს ემუქრებოდნენ და, სამწუხაროდ, ამ მუქარას უსრულებდნენ კიდეც. საბედნიეროდ, 2012 წლის შემდეგ მათ შეუძლიათ დამუქრება, მაგრამ ამ მუქარას ვეღარ ასრულებენ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მათ ვეღარ შეძლონ იმ მეთოდებით მოქმედება, რომლითაც 2012 წლამდე გამოირჩეოდნენ.
რა თქმა უნდა, ისინი ვერავის აუსრულებენ მუქარას, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ექიმებს, დამსახურებულ ადამიანებს. მათ მიმართ მუქარა პრინციპულად მიუღებელია. ამ მეთოდებით ვეღარ გააგრძელებენ მოღვაწეობას. ისინი ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდებიან და ეს მეთოდები ჩვენს ქვეყანაში ეფექტიანი ვერასდროს იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.