ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან და, შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურაზე მხარდაჭერა გამორიცხულია
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან და, შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურაზე მხარდაჭერა გამორიცხულია

„ნაცმოძრაობა“ კოორდინაციაშია სალომე ზურაბიშვილთან და, შესაბამისად, მათი მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურაზე მხარდაჭერა გამორიცხულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გარეშე იმპიჩმენტის პროცესი ვერ დასრულდება შესაბამისი შედეგით.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ანუ „ნაცმოძრაობას“, ბუნებრივია, ისინი არიან კოორდინაციაში სალომე ზურაბიშვილთან და, შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ვიმოქმედოთ კონსტიტუციის მიმართ პასუხისმგებლობით. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოცანა. ჩვენ გექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ ამ კენჭისყრაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან, იმავე სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.