ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ დაშლილია და ეს არის კარგი, რათა მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ დაშლილია და ეს არის კარგი, რათა მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს

მელიას უნდა რომ მაინც და მაინც გარიცხონ პარტიიდან, თავმოყვარეობის საკითხია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, რაც კარგია.

„რატომ უნდა გინდოდეს მაინც და მაინც გარიცხვა, როცა შეგიძლია, შენ თვითონ დატოვო ის პარტია, სადაც ხაბეიშვილთანაც კი წააგე თავმჯდომარეობის არჩევნები? ეს არის მათი საქმე. რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ დაშლილია, კიდევ უფრო მეტად იშლება და ეს არის კარგი იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მომდევნო პარლამენტში მივიღოთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რომელ ოპოზიციურ გაერთიანებაში მოიაზრებს მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის შემთხვევაში, კობახიძე აცხადებს, რომ ეს მელიას საქმეა.

„არ ვიცი, მისი საქმეა, საერთოდ არ არის აქტუალური. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იქმნება ბევრი ორ და სამპროცენტიანი პოლიტიკური სუბიექტი ოპოზიციის მხარეს, რაც ძალიან კარგია, რაც მეტი ხმა დაეკარგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი, მით უფრო გაძლიერდება ჩვენი საარჩევნო პოზიციები“, – აღნიშნა კობახიძემ.