ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის, ამისთვის ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ 2005 წლიდან ამწიფებდნენ
„ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, ეს არის, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობა“ 2008 წლის აგვისტოს დანაშაულისთვის ვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან ამწიფებდა.
„„ნაცმოძრაობის“ გასამართლება მთლიანად უმრავლესობის, მმართველი ძალის საერთო პოზიციაა. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ აუცილებლად უნდა გასამართლდეს სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის არის 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, თუმცა სხვა მრავალი დანაშაულია, რომელიც ჩადენილი იქნა იმ ცხრა წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მომხდარიყო ის, რაც მოხდა და, საბოლოო ჯამში, მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. ამისთვის ვითარებას ამწიფებდა „ნაცმოძრაობა“ ნაბიჯ-ნაბიჯ, 2005 წლიდან მოყოლებული. ეს ქრონოლოგია არაერთხელ მითქვამს მეც, როგორ მიიღეს ჯერ კანონი ე.წ. კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, შემდეგ როგორ შეიქმნა ე.წ. დროებითი ადმინისტრაცია, როგორ აირჩა ე.წ. პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. პარალელურად იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საქართველოში მომწიფებულიყო ომი, 2008 წელს რაც მოხდა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.