ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან კავშირები უფრო მეტად ცხადდება, რუსეთის აგენტებით შორს ვერ წავლენ
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთის ინტერესებისთვის ყველაფერი გააკეთა თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყო. ეს კავშირები თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ცხადდება, მათ შორის იმითაც, რომ ზედიზედ მესამედ მაშველ რგოლად რუსები მოიხმეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსეთთან კავშირებზე არსებული ღრმა ეჭვები შედეგებში გამოიხატა.
„ზედიზედ იყო სამი შემთხვევა, როდესაც ჯერ მაშველ რგოლად დაიხმარეს გავრილოვი, რომელსაც განცხადებები გააკეთებინეს საკუთარი თავის გასაპიარებლად ნაციონალებმა, შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი გამოიყვანეს ასევე პიარის მიზნებისთვის და მესამე, ერთგვარი კულმინაცია იყო რუსეთის ღია აგენტის გამოყვანა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ნაცმოძრაობის მთავარი რუპორის, „მთავარი არხის“ მხრიდან. ბუნებრივია, ეს მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ისედაც ვამბობდით, რომ გვქონდა ძალიან ღრმა ეჭვი რუსეთთან ნაცმოძრაობის კავშირებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შედეგებით. შედეგები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც გადაეცა რუსეთს და ა.შ. ყველაფერი გააკეთეს მათ თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში რუსეთის ინტერესებისთვის. ეს კავშირები თანდათანობით კიდევ უფრო მეტად ცხადდება, მათ შორის იმითაც, რომ ზედიზედ მესამედ მათ რუსები მოიხმეს მაშველ რგოლად. ეს იყო გავრილოვი, ეს იყო დაზვერვის სამსახურის უფროსი და ეს იყო რუსეთის გაცხადებული აგენტი, უცხოელი პირი, რომელიც ჩაწერა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რათა გაემყარებინა თითქოსდა საკუთარი პოზიციები. ყველა ამ შემთხვევაში მათ ბუმერანგივით უბრუნდებათ ნებისმიერი მცდელობა, რომელსაც ისინი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახორციელებენ. რუსეთის აგენტებით ისინი შორს ვერ წავლენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.