ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი
მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი ევროპის საბჭოს რეზოლუციას, ტალიავინის დასკვნას, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.
„ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესი, პროცედურები, რომლებიც აუცილებლად წარიმართება. ამ დანაშაულს, არ შეიძლება, არ გაეცეს პასუხი. დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და ამაზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო, მათ შორის, პრევენციის მიზნით. ამ ადამიანებმა არა მარტო 2008 წელს მიიყვანეს ქვეყანა ომამდე, არამედ ეს ადამიანები ცდილობდნენ ასევე, რომ გასული ორი წლის მანძილზე მიეყვანათ საქართველო ომამდე, მეორე ფრონტამდე. იყო პირდაპირი მოწოდებები ომთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით. ეს ადამიანები ამ ორი წლის განმავლობაში ცდილობდნენ იმავეს, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს. ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი ამ უმძიმესი დანაშაულის გამოძიება არის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს“, – განაცხადა კობახიძემ.