ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს რაც გააკეთა, ვეღარ გაიმეორებენ, კიდევ დიდხანს დარჩებიან ოპოზიციაში, გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგი არის მშვიდობა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუცია, მისი ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
„რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მიდგომას საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიციები, პრინციპული პოლიტიკა, რაც ყოველთვის აისახება ხოლმე, მათ შორის შესაბამის ტექსტებში. რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მე შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯების შედეგი არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი. როგორც ჩანს, ეს არ ყოფნით, როგორც ჩანს, უნდათ მეტი. ეს არის ერთგვარი ომის პარტია. მათ აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან. მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ, იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. 2008 წელს რაც გააკეთეს მათ საქართველოში, იმას ვეღარ გაიმეორებენ მარტივი მიზეზის გამო – ისინი არიან დღეს ოპოზიციაში და კიდევ დიდხანს დარჩებიან ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, მარტივად ვიტყვი, გვაცადონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგი არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ამბობს, რომ რეზოლუცია თანადგომას, მხარდაჭერას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რაც ძალიან მკაფიოდა აღნიშნული და ყველა თემასთან დაკავშირებით არის პოზიცია გამოხატული, რომელიც მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში.
„შესაბამისად, რეზოლუცია არის ცხადი და მკაფიო, ოპოზიციას ჰქონდა თავისი ვერსიები და ყველა ის ვერსია იყო მიმართული არა იქითკენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყოფილიყო ტექსტში, არამედ იქითკენ, რომ სწორედ სახელმწიფოს საზიანოდ განვითარებულიყო გარკვეული მოვლენები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ გავყვებით ომის პარტიას, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა საქართველოს 2008 წელს, რომელმაც ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას 2008 წელს. ეტყობა, მათ არ აკმაყოფილებთ ეს ყველაფერი და უნდათ კიდევ „მეტი“. მათ ჩვენ ვერ გავყვებით. ეს არის რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ეს არის რეზოლუცია ომის არდაშვებასთან დაკავშირებით. ეს არის მკაფიო პოზიცია, რომელიც ტექსტში არის სათანადოდ ასახული.აქ ჩვენ გვქონდა პრნციპული დამოკიდებულება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა ზოგადად უნდა იყოს ყოველთვის მართალი ყველასთან.
„ჩვენ ზუსტად ამ პრინციპით რომ ვმოქმედებთ, ამის ხარჯზე მოვახერხეთ მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის მეოთხე ხელისუფლება და პირველი, რომელმაც ომის გარეშე მოახერხა ვითარების შენარჩუნება ქვეყანაში. რომ ყოფილიყო სხვანაირად ეს მოცემულობა ჩამოყალიბებული, მაგალითად „ნაცმოძრაობა“ ყოფილიყო დღეს თუნდაც ხელისუფლებაში, ისინი იქნებოდნენ კვლავაც ომის პარტია, მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, რადგან ისინი არიან არაპატრიოტები, ანტიპატრიოტი დამიანები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მოტანისკენ უჭირავთ თვალი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეზოლუციის ტექსტი თავიდან ბოლომდე არის აგებული ისე, რომ იყოს თანხვედრაში სახელმწიფოებრივ ინტერესებთან.
„ჩვენი მთავარი ამოცანა, სურვილი არის ის, რომ იმი არ იქნას დაშვებული უკრაინაში, რაც იქნება უკიდურესად საზიანო უკრაინისთვის, რეგიონისთვის და ევროპისთვის მთლიანად. ეს არის ჩვენი სულისკვეთება და არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები, ომის პარტია, ფართოდ რომ განვიხილოთ, რომელსაც სურს, რომ ეს მოვლენები სხვანაირად განვითარდეს. იგივე სააკაშვილის განცხადებას შეგახსენებთ, რომელმაც თქვა, რომ თურმე რუსეთი ემზადება საქართველოში შემოჭრისთვის. ესეც არის ომის პარტიის რიტორიკის გაგრძელება, ესენი არიან სამარცხვინო ხალხი, ამ დისკუსიაში დამატებითი რაღაცა სიღრმეების გავრცობას არ ვაპირებ. საკითხი არის მგრძნობარე და გაომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ახლა უკრაინაში ომის არდაშვება, ამის გათვალისწინებით ჩაიწერა თითოეული სიტყვა ამ რეზოლუციაში. მეტს არ განვმარტავ, მათ შორის იმის გამოც, რომ ეს არის განსაკუთრებულად მგრძნობიარე საკითხი“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.