ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლაგოდეხში ბიულეტენების მოპარვა დაავალეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პარტიისგან ლაგოდეხის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების მოპარვის დავალება მიიღო. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„კიდევ ერთი ინფორმაცია სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ასევე „ნაცმოძრაობას“. გვაქვს ასეთი ინფორმაცია ლაგოდეხში, მე-15 უბანზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა საარჩევნო კომისიაში მიიღო დავალება ბიულეტენების მოპარვის თაობაზე, ანუ მას მოსთხოვეს ბიულეტენების მოპარვა, რათა ბოლოს ხმის დათვლის დროს არ დაჯდეს ბალანსი. როგორც მოგეხსენებათ, ბალანსის უზრუნველყოფა საჭიროა, როცა ითვლება ხმები და როდესაც აკლდება ამ მონაცემებს ბიულეტენი, ბალანსი არ ჯდება. ეს არის კიდევ ერთი მითითება, რომელიც მიიღო „ნაცმოძრაობის“ წევრმა ლაგოდეხში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მცდელობა, გააკეთოს ოპოზიციის რანგში ის, რასაც აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს.
„გახსოვთ, რომ „ნაცმოძრაობა“ მუდმივად ინარჩუნებდა ხელისუფლებას სწორედ გაყალბების შედეგად. ბუნებრივია, მათ ამ მასშტაბის გაყალბების თავი დღეს აღარ აქვთ, თუმცა მათ აქვთ მცდელობა, რომ საკუთარი რესურსების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ, რათა არჩევნების გაყალბებას შეეცადონ. მათ არ აქვთ ამის შანსი. ჩვენ ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების შეშინებული სახეები, როდესაც ისინი საუბრობდნენ ამ გამოვლენილ სქემასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ შევაშინებ მათ და გავაფრთხილებ, რომ თუკი ამ სქემას ექნება ადგილი, აუცილებლად იქნება უმკაცრესი რეაგირება. გაყალბებისთვის ყველა უმკაცრესად დაისჯება, როგორც რიგითი აქტივისტები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც დგანან ამ სქემის სათავეში. ეს არის ჩვენი ძალიან მკაცრი გაფრთხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა დამკვირვებლებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მოხდეს რეაგირება ამ მძიმე სამართალდარღვევაზე.