ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - შეგნებულად არ ვეძახით თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში წიგნაკი უდევს
შეგნებულად არ ვეძახით თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში წიგნაკი უდევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპონენტებს მიმართა.
ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს მიმართა, საარჩევნო კამპანია ბინძური მეთოდების გარეშე წარმართონ.
„მგლის თავზე სახარებას კითხულობენო, თქვენზეა ნათქვამი. საუბარი მქონდა მაღალ მატერიებზე 15 წუთის წინ, რომ წარმართოთ ღირსეული, ევროპული ტიპის კამპანია, ეს იყო სახელმწიფოებრივი თხოვნა. ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური თანამდებობის პირი. ეს ქალბატონი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მასზე ნათქვამი გექნებათ, რომ არის მოღალატე და სამარცხვინო. შემდეგ ხომ გექნებათ მოთხოვნა, რომ უნდა იყოს ზეპარტიული. ის მაინც იქნება ზეპარტიული, მაგრამ სახელმწიფოებრივად ძალიან ცუდ რამეს აკეთებთ. იმიტომ გეუბნებით, რომ ჯობია, გვერდზე გადადოთ ეს კამპანია. შეგნებულად არ ვეძახით თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“, მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში წიგნაკი უდევს, დღე და ღამე რუსეთის სიყვარულზე გველაპარაკება. გაგახსენოთ ციტატები? როგორ უყვარს თქვენს კანდიდატს რუსეთი. პასპორტი ჯიბეში მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, გულიდან ვერ წაშლით რუსეთის სიყვარულსო, ამას ამბობდა ბატონი ვაშაძე და დაამთავრეთ ღალატზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო ევროპული სახელმწიფოა და პრეტენზია აქვს ევროპელობაზე, ხოლო რასაც ოპონენტები აკეთებენ, შორს არის ევროპისგან და დასავლეთისგან.
„ძალიან შორს არის ევროპა და დასავლეთი თქვენგან, მაგრამ იქნებ გარეგნულად მაინც მიემსგავსოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის სახელმწიფო თხოვნა, რომ შავი პიარის, ლანძღვის, გინების, უბედურებისა და რაღაცების გარეშე წარმართოთ საარჩევნო კამპანია, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო, გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე და რასაც აკეთებთ, შორს არის ევროპისგან და დასავლეთისგან. ჩვენ გვინდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ აქეთკენ და ასეთი კამპანიით, ევროპასთან მეტად ნამდვილად ვერ დავახლოვდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.