ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას, ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა
„ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას, ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ იქ დამთავრდება ევროპული პერსპექტივა, სადაც დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.
„ისინი ამბობენ, რომ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხი განშტოება, სულერთია, რომელს მისცემთ ხმას, მაგრამ ამ „ნაცმოძრაობის“ ოთხი განშტოებიდან ერთ-ერთს უნდა მისცეთ ხმა. ეს მესიჯი რომ გავაგრძელოთ, „ნაცმოძრაობა“ თუ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ისე ქვეყანას ევროპული პერსპექტივა არ აქვს. საბოლოოდ, ამ მესიჯამდე მიდიან. ანუ, უნდა დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ ქვეყანას ჰქონდეს ევროპული პერსპექტივა. ამით როგორ შეიძლება საზოგადოება მოატყუო? საზოგადოებამ ხომ იცის, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ თეორიული დაბრუნება ნიშნავს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დასრულებას. ეს არის ყველაზე ანტიევროპული პოლიტიკური ძალა. ქართულ საზოგადოებას, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ 35 წლის განმავლობაში, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა, ახლა სურთ, ასეთი სიცრუე მიჰყიდონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თუ არ დაბრუნდება, ქვეყანას არ ექნება ევროპული პერსპექტივა. სწორედ იქ დამთავრდება ევროპული პერსპექტივა, სადაც დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“. ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. ჩვენ დავეხმარებით ქართულ საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებაში“, – განაცხადა პრემიერმა.