ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო შემადგენლობას გადავხედე, სულ ექვსმა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი, მათ არ აქვთ რესურსი, ვიღაც რაღაცაში დაარწმუნონ 
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო შემადგენლობას გადავხედე, სულ ექვსმა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი, მათ არ აქვთ რესურსი, ვიღაც რაღაცაში დაარწმუნონ 

არის ორადორი პაკეტი, სადაც შეიძლება, დაგვჭირდეს ვენეციის კომისიისთვის დალოდება, ყველა სხვა პაკეტი კი, სათანადო ვადებში იქნება მიღებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან უმეტესობა ეხებოდა კანონების მიღებას. ჩვენ საამისოდ წარვადგინეთ სათანადო გეგმა. მათ შორის – თავისი ვადებით, ფორმატებით, სამუშაო პროცესით და პრინციპში, მივყვებით ამ ვადებს. არის ორადორი გამონაკლისი, ორადორი პაკეტი, სადაც შეიძლება, დაგვჭირდეს ვენეციის კომისიის დალოდება. ერთი, ეს არის საარჩევნო კოდექსი. გვეუბნებიან, რომ სადღაც 15 დეკემბრისთვის ჩამოვა დასკვნა ვენეციის კომისიიდან და აქაც შესაძლებელია, დეკემბრის ბოლომდე იყოს მიღებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. მეორე არის სასამართლო რეფორმა და მასთან დაკავშირებული კანონპროექტები, რაზეც შეიძლება, ცოტა მეტი დრო დასჭირდეს ვენეციის კომისიას. ეს არის ორი შემთხვევა, სადაც ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნებს, ყველა სხვა შემთხვევაში კი, სათანადო ვადებში დასრულდება ყველა პროცესი. ყველა პაკეტი იქნება მიღებული სათანადო ვადებში, როგორც ეს იყო შეთავაზებული საზოგადოებისთვის რამდენიმე თვის წინ“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ექმნება თუ არა ევრორეკომენდაციების შესრულებას საფრთხე, რადგან 12 პუნქტის შესრულების პროცესში ოპოზიციის ჩართულობა ასევე არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, როდესაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ კარი ყველას გაუღო და სამუშაო ჯგუფებში აბსოლუტურად ყველა პარტია მიიწვია, თუმცა სამმა საპარლამენტო პარტიამ მონაწილეობაზე უარი თავიდანვე თქვა.

„ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. შინაარსზეც კი არ იყო საუბარი, ანუ კანონების შინაარსი კი არ გააპროტესტეს, თავიდანვე თქვეს უარი ამ სამუშაო ფორმატებზე და აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა არის ბუნებრივია, მთლიანად მათზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი თვითმიზანია, საქართველომ როგორმე არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაც ყოველდღიურად მტკიცდება.

„ამისთვის ისინი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ არ ჩაერთვნენ მათ შორის, სამუშაო ჯგუფებში და ამიტომ აწარმოებენ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. პირდაპირ დადიან საზღვარგარეთ და აქაც რომ ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს, იგივეს აკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პროცესის ჩაშლის რესურსი არ აქვს, თუმცა პრობლემა არის საერთო კოორდინაცია.

„ნაცმოძრაობას“ იმის რესურსი არ აქვს, რომ რაღაც ჩაშალოს და რაღაცაში ხელი შეგვიშალოს. მათ არ აქვთ ამის რესურსი. ელემენტარულად, ამასწინათ, მათ საპარლამენტო შემადგენლობას გადავხედე და მთელ „ნაცმოძრაობაში“ სულ ექვსმა კაცმა იცის ინგლისური და კომპიუტერი. აქედან გამომდინარე, მათ ამის რესურსი არ აქვთ, რომ ვიღაც რაღაცაში დაარწმუნონ და ხელი შეუშალონ რაღაცას. ერთადერთი პრობლემა არის საერთო კოორდინაცია – გლობალური „ომის პარტია“ და ლოკალური „ომის პარტია. იქ თუ დალაგდა ქვეყნის საწინააღმდეგოდ რაღაც გადაწყვეტილებები, ეს რა თქმა უნდა, პრობლემას შექმნის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენ გარშემო პროცესები სხვანაირად განვითარდეს. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, რომ მაქსიმალურად შესრულდეს 12 პუნქტი, რასაც ვაკეთებთ და პლუს, გვექნება მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია, გავაკეთოთ და ბუნებრივია, აქ ბოლომდე დავიხარჯებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.