ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს.

„მინდა, ასევე გამოვეხმაურო სპეკულაციურ გზავნილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ურთიერთპატიებისა და შერიგების თემაზე აჟღერებს. კერძოდ, ოპოზიცია აცხადებს, რომ არ შეიძლება ბოდიში მოვუხადოთ ქართველების მკვლელებსა და მწამებლებს. ამ სპეკულაციის პასუხად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მკვლელებს და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.

სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება.

არათუ ქართველი გმირების მკვლელებთან და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ჩვენ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახების წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.