ირაკლი კობახიძე - მადლობა თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის
რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცველებსა და სახალხო დამცველზე.
„გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის. რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ, იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი – ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველებს ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის. კიდევ ერთხელ გვინდა, გავამახვილოთ ყურადღება ორ საკითხზე, რომელზეც უკანასკნელ დღეებში რადიკალების მიერ გაშლილი კამპანია იყო აგებული: ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად მოხსენიება და საქართველოს ევროპული მომავალი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არ ეხება ჯაშუშურ საქმიანობას. კანონპროექტი აზუსტებს მხოლოდ იმას, თუ ვისი კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისა და ამოცანების რეალიზებას ემსახურებიან კონკრეტული ორგანიზაციები – ქართველი ხალხის თუ უცხოური ძალის. რაც შეეხება ჯაშუშის (და არა უცხოური გავლენის აგენტის) იარლიყის მიწებებას. ამასთან დაკავშირებით, გვინდა, შეგახსენოთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა და შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე ხელი მოუწერა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოიხსენიებს „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად. ამ იარლიყს გვაწებებდნენ ისინი, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს, ხელს ვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უპრეცედენტოდ გავაფართოეთ თანამშრომლობა ნატო-სთან.
ჩვენ არ გვახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების მღელვარება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწებების დაგმობა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შედარება სანდრო ახმეტელთან და ტიციან ტაბიძესთან, როდესაც რადიკალები იარლიყებს გვაწებებდნენ. სამაგიეროდ, დღეს კონკრეტული ძალები სანდრო ახმეტელსა და ტიციან ტაბიძეს ადარებენ გიგა მაქარაშვილს და ბაია პატარაიას, რომლებიც, თავისი არსით, ჩვენი ღირსეული წინაპრების სრული ანტიპოდები არიან. ამავე დროს, გვინდა შეგახსენოთ, რომ სანდრო ახმეტელიც და ტიციან ტაბიძეც სწორედ ჯაშუშებმა დახვრიტეს, ჯაშუშებმა მოკლეს ილია ჭავჭავაძეც, ჯაშუშები შემოუძღვნენ 1921 წელს რუსულ ჯარს საქართველოში. თავის დროზე ჯაშუშებისთვის თავისი სახელი რომ დაერქმიათ, საქართველო ბევრ ტკივილს აიცილებდა თავიდან. დღეს ბოლშევიკური სული ცოცხლობს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებში და გიგლა ბერბიჭაშვილებში – მიხეილ სააკაშვილში, გიგა ბოკერიაში, გიორგი ვაშაძეში, ზურაბ ჯაფარიძეში, ლევან ხაბეიშვილში და რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებში. მათ მიერ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე გაწერილი გეგმა რომ განხორციელებულიყო, გასული წლის ივნისში მოხდებოდა ხელისუფლების გადატრიალება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ – დღეს თბილისში რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ რუსულ ტანკებს საქართველოში, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში გააკეთეს“, – განაცხადა კობახიძემ.