ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თავისი უშუალო განშტოებებით აკეთებდა რუსულ საქმეს, იგივეს აკეთებენ ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში
ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს ეს პარტიები პროტესტით ხვდებიან არის ძალიან ნიშანდობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული საქმის მკეთებელი ოპოზიცია, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავთ, მაგრამ როდესაც საუბარია მთავარ პოლიტიკურ პარტიებზე, ისინი დიდი ხნის განმავლობაში რუსულ საქმეს აკეთებდნენ ჯერ, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და მერე, როცა არიან ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს ეს პარტიები პროტესტით ხვდებიან არის ძალიან ნიშანდობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს პარტიები არიან და მომავალშიც იქნებიან რუსული საქმით დაკავებულები. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი უშუალო განშტოებებით აკეთებდნენ რუსულ საქმეს საქართველოში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და აგრძელებენ იგივეს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში“, – განაცხადა კობახიძემ.