ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ არიან რადიკალურები, სხვა პარტიებს ჰქონდათ მეტნაკლებად დაბალანსებული პოზიციები
იყო ორად გაყოფილი პოზიციები. ვიცით, რომ არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი. ეს არის ძირითადად გამოხატული, თუ არ ვცდები სამ პარტიაში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“. ეს არის სამი მკვეთრად გამოხატული რადიკალური პარტია, სხვა პარტიებს ჰქონდათ მეტნაკლებად დაბალანსებული, კონსტრუქციული პოზიციები თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სამი პოლიტიკური პარტია და „გირჩი მეტი თავისუფლება“ არიან ისინი, რომელთაც არაფერი სცხიათ თავისუფლების, ეს შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს მთავარია, გაირკვეს მტყუან-მართალი.
„როდესაც მოლაპარაკებები წარმოებს აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში გავარკვიოთ მტყუან-მართალი ზოგადად და ვნახოთ, რა ოპოზიციასთან გვაქვს ჩვენ საქმე და რა ხელისუფლებასთან. სად არიან კრიმინალები და სად არ არიან კრიმინალები, სად არიან მოღალატეები და სად არ არიან მოღალატეები, სად არიან დესტრუქციულები და სად არიან კონსტრუქციულები, ეს უნდა გავარკვიოთ პირველ რიგში და აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი იქნება იმის გათვლა, თუ ვისი თვითმიზანი იყო მოლაპარაკებების ჩაშლა. ეს იყო რა თქმა უნდა სააკაშვილის და მისი თანამზრახველის ინტერესში. თუ დააკვირდით ბატონ დანიელსონსაც წინასწარ ჰქონდა დაწერილი დოკუმენტი და ეს არ იქნებოდა ბუნებრივია ერთი დოკუმენტი, მას სავარაუდოდ ჰქონდა ერთზე მეტი დოკუმენტი, ასე ხდება ხოლმე ეს როდესაც სისტემურად მუშაობს ადამიანი. ჩვენც გვქონდა ბუნებრივია სხვადასხვა ვარიანტი და აქ კორექტივების შეტანაც მოგვიწია ვიდრე ჩამოვიდოდით, ეს არის ვარიანტი, რომელიც გამომდინარეობდა იქიდან, რომ შეთანხმება არ შედგა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამომსვლელი არ არის.
„სად ჩამომსვლელია სააკაშვილი, მაგას როგორ იტყვის თავმოყვარე დიპლომატი, როგორ შეიძლებოდა ეგ ეთქვა რომელიმე დიპლომატს, რომ საქართველოში ჩამოვა სააკაშვილი, რომელიც ხუთი წელი ჩამოდის და ვერ ჩამოვიდა. რისი თავი აქვს სააკაშვილს რომელი ჩამოსვლის თავი აქვს. იკარგება ძვირფასი დრო, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხების და პრობლემების გადასაჭრელად, მუდმივად ამ რეჟიმში ამყოფებენ ქვეყანას და ესეც აჩვენებს მათ დესტრუქციულ ბუნებას, არ აინტერესებთ ქვეყანა, ეს არის მათი დამოკიდებულება ამ სახელმწიფოს მიმართ, თუმცა თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება იქნება, ჩვენ მომავალშიც ვიქნებით მზად, რომ ჩავერთოთ ასეთი ტიპის დიალოგში“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მოლაპარაკებებზე მმართველი პარტია მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ წავედით ასეთ კომპრომისზე, წარმოიდგინეთ რამდენად მნიშვნელოვან კომპრომისზეა საუბარი, როდესაც ჩვენ ვიღებდით პასუხისმგებლობას „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით მელიას თემაზე. ეს არის სერიოზული კომპრომისი, არც ამას გაუწიეს ანგარიში. არც იმას გაუწიეს ანგარიში, რას ეუბნებიან საერთაშორისო პარტნიორები, ვერც იმას მიხვდნენ, რატომ ამოიღო დანიელსონმა ჩანაწერი არჩევნებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. არ აინტერესებთ არაფერი, რატომ? იმიტომ, რომ დირექტივებს და ინსტრუქციებს იღებენ კიევიდან და კიევიდან ვინც იძლევა ამ ინსტრუქციებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არაფერი აინტერესებს გარდა იმისა, რომ ჩაიშალოს ყველანაირი მოლაპარაკება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს.
„ჩვენ, ბუნებრივია გავაგრძელებთ მუშაობას იმ დღის წესრიგით რომელიც არის საინტერესო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის, უამრავი მიმართულებით არის ბევრი რამ გასაკეთებელი. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები რასაც მოგვიწოდებენ, იმას გავაკეთებთ, მუდმივად ასე ვიქცევით. საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს ვითვალისწინებთ, ვართ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაქსიმალურად დამთმობი იმ ფარგლებში, რა ფარგლებიც აქვს ბუნებრივია სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლიანობის პრინციპს ასე გაგრძელება ბუნებრივია ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.