ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა წამების ფაქტები
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოთხი კონგრესმენის წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა, რომლებიც აუცილებლად გასწორდება.
კობახიძე განმარტავს, რომ მმართველი გუნდი კონგრესმენებთან მუშაობას გააგრძელებს, მათ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის.
„მე არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ, რომ კონკრეტული კონგრესმენები შეგნებულად აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს, უბრალოდ, არის განცხადებები, რომლებიც ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეფუძნება არასწორ ინფორმაციას. ამ ოთხი კონგრესმენის განცხადებებშიც ფაქტობრივი უზუსტობები იყო, ამას სჭირდება გამოსწორება და ჩვენ კონგრესმენებთან ერთად ამას ნამდვილად გავაკეთებთ, რადგან საბოლოო ჯამში სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, ის არასწორი ფაქტები, რომლებიც მოყვანილი იყო განცხადებაში, აუცილებლად გასწორდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოთხი კონგრესმენის წერილში რამდენიმე უზუსტობაზე მიანიშნებს, მათ შორის, კობახიძე აცხადებს, რომ აქციების დაშლისას, მით უმეტეს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, არაპროპორციული ძალა გამოყენებული არ ყოფილა.
„როდესაც ჩანაწერი ეხება ადამიანების, პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა. არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაც მოგვიანებით აღიარებითი ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, წერილში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც.
„ანაკლიასთან დაკავშირებით ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო მობილური კომპანია, რომლსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული ინტერესი, მით უმეტეს გლობალური პოლიტიკური ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა, თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ საკუთარი ვალდებულების შესრულება ვერ მოახერხა. ახლა ამ კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ, პოლიტიკა გამოიყენონ როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმისთვისაც, რომ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს პროექტის განხორციელების დროს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძე განმარტავს, მმართველ პარტიას რეაგირება ამ ფაქტობრივ უზუსტობებზე აუცილებლად ექნება, მათ შორის კონგრესმენებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზითაც.
კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ 2012 წლამდეც ახერხებდა საერთაშორისო პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინა და ასე გაემართლებინა ადამიანების წამებისა და ძალადობის ფაქტები.
„თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგებლოდ და მაშინ იფუთებოდა ხოლმე, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ეს იყო სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კობახიძემ.