ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ თემები არ აქვთ და ცდილობენ, ხელოვნურად გამოიგონონ, საზოგადოება ხედავს, რეალურად რა არის ამ ყველაფრის მიზანი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლევან დავითაშვილის ჩინეთში ვიზიტს „ნაციონალური მოძრაობა“ სასპეკულაციოდ იყენებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „უბრალოდ, თემები არა აქვთ და ცდილობენ, ხელოვნურად გამოიგონონ რაღაც ასეთი თემები“.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტის შესახებ, რომლის დროსაც ერთ-ერთ ღონისძიებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც ესწრებოდა. ამ საკითხზე ლევან დავითაშვილმა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ კითხვებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში უპასუხა.
„თავადაც ამ პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები როცა იყვნენ ხელისუფლებაში, 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული იყო უშუალოდ ჩვენი ტერიტორიები, ახლო წარსულში, რუსეთის მიერ, ისინი ესწრებოდნენ ასეთ ღონისძიებებს და არასდროს, არავის წამოუწევია ეს თემა. მეც მოვიქცეოდი ზუსტად ისე, როგორც მოიქცა ლევან დავითაშვილი. ბუნებრივია, აქაც არის ცარიელი სპეკულაციები. თემას იყენებენ სასპეკულაციოდ. საზოგადოება ხომ ხედავს, რეალურად რა არის ამ ყველაფრის მიზანი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი სპეკულაციები. უბრალოდ, თემები არა აქვთ და ცდილობენ, ხელოვნურად გამოიგონონ რაღაც ასეთი თემები“, – განაცხადა კობახიძემ.