ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ - 2020 წელს თქვენ უკვე მეშვიდედ წააგებთ არჩევნებს
„ქართულ ოცნებაში“ წარიმართება გაჯანსაღების პროცესი და ამ გაჯანსაღების პროცესის შედეგი იქნება, რომ 2020 წელს თქვენ უკვე მეშვიდედ წააგებთ კიდევ ერთ არჩევნებს, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.
მისი თქმით, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ეს საკითხი ინიცირებულია და პარლამენტმაც უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
კობახიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივი კონტენტისგან მთლიანად არის დაცლილი და მით უმეტეს, არანაირი კავშირი არ აქვს მორალთან.
„მესმის, რატომ ცდილობენ კონკრეტული ადამიანები, რაღაცნაირად მორალთან მიაბან აღნიშნული საკითხი, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველას ესმის, ვინც ოდნავ არის გათვითცნობიერებული პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში, რომ არც სამართალთან და არც მორალთან ამ ყველაფერს კავშირი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, გასაგებია, რომ ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ნერვიულობენ.
„რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, მესმის, რომ ისინი ნერვიულობენ. „ქართულ ოცნებაში“ წარიმართება გაჯანსაღების პროცესი და ამ გაჯანსაღების პროცესის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებები. ამ გაჯანსაღების პროცესის შედეგი იქნება ის, რომ 2020 წელს თქვენ უკვე მეშვიდე წააგებთ კიდევ ერთ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.