ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, მარტივად გაწიროს ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე, ისინი არაფერს მოერიდებიან, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით
ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, მარტივად გაწიროს ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე, ისინი არაფერს მოერიდებიან, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ძალიან მარტივად გაწიროს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ისინი არაფერს მოერიდებიან, ეს არის მათი ბუნება, ასეთები იყვნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დღესაც ეს არის მათი ბუნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს გუშინ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გედევან ფოფხაძე, აკია ბარბაქაძე და გიგა მაქარაშვილი პარლამენტის შენობის აღებაზე საუბრობდნენ.

„რაც შეეხება ჩანაწერს, აქ კიდევ ერთხელ გამჟღავნდა, რეალურად რა იყო გეგმა, რა იყო მიზანი, რა იგეგმებოდა იმავე ბაკურიანის შეხვედრაზე. ამის განხორციელების გარკვეული მცდელობა იყო გუშინ და გუშინწინ, რა თქმა უნდა, ამას ისინი ვერასდროს ვერ განახორციელებენ, ეს ასე იქნება. მაგრამ მათ აქვთ გარკვეული რესურსი, რომ რისკის ქვეშ დააყენონ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით. მათი ბუნება ეს არის, მათ შეუძლიათ, ძალიან მარტივად გაწირონ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, არაფერს არ მოერიდებიან ისინი, ეს არის მათი ბუნება, ასეთები იყვნენ ისინი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას“, და დღესაც ეს არის მათი ბუნება. მათ ელემენტარულად შეუძლიათ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რაც საფრთხეს შეუქმნის ცალკეულ ადამიანებს. მათ გაწირეს, მაგალითად, ახალგაზრდები იმ ძალადობრივი ქმედებებისთვის, რომლებიც არის მთელი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის მათი ბუნება. ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.