ირაკლი კობახიძე - მზად ვართ ნებისმიერი ტიპის დისკუსიისთვის, იქნება ეს რაუნდების, თუ ინდივიდუალური კონსულტაციების ფორმატი
მზად ვართ ნებისმიერი ტიპის დისკუსიისთვის, იქნება ეს რაუნდების, თუ ინდივიდუალური კონსულტაციების ფორმატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია შევიდეს პარლამენტში.
„პირველ რიგში, გვექნება კონსულტაციები დიპლომატებთან, ელჩებთან. მათთან დაგვჭირდება კონსულტაციის გავლა, რათა განვსაზღვროთ სამომავლო ნაბიჯები იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება საერთო პოზიცია. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ნებისმიერი ტიპის დისკუსიისთვის, იქნება ეს იგივე რაუნდების ფორმატი, თუ ინდივიდუალური კონსულტაციების ფორმატი. ჩვენი ამოცანაა, რომ მეტი პარტია შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ამისათვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე კონსტრუქციული მიდგომა მეორე მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.