ირაკლი კობახიძე - ჩამოშლა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მტრის ჯინაზე, ღარიბაშვილი კიდევ დიდხანს იქნება პრემიერი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამდებობის დატოვებაზე განცხადების გაკეთებამდე ეკატერინე ტიკარაძეს „ქართული ოცნების“ პარტიაში შეხვდა და ესაუბრა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდში არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.
„ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი თავად განმარტა. პოლიტსაბჭოში წევრთა ფუნქციები პარტიის წესდებით არის განსაზღვრული. ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას, ეს პრემიერ-მინისტრზეა დამოკიდებული და მას უნდა დაველოდოთ. ვიდრე ტიკარაძის ბრიფინგი ჩატარდებოდა, ის პარტიაში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრა, საუბარი მქონდა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. თუ რაიმე დამატებითი განმარტება გჭირდებათ, მას ჰკითხეთ. ჩამოშლა ხდება ერთ პოლიტიკურ პარტიაში და მას ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სწრაფი ტემპით ჩამოშლა ხდება ამ პარტიაში და სიამოვნებით დავაკვირდებით პროცესს. „ქართულ ოცნებაში“ ეს არ ხდება.“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„მთავარი არხის“კითხვაზე: „როდის გადადგება თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი“, კობახიძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, სერიოზული კითხვები დაუსვან.
„სერიოზული კითხვები რომ დასვათ, სჯობს. ნიკანორ მელიას ჰკითხეთ, როდის აპირებს პარტიის თავმჯდომარიდან გადადგომას ან როდის გადააყენებენ? ირაკლი ღარიბაშვილი მტრის ჯინაზე, კიდევ დიდი ხანი იქნება პრემიერის პოსტზე. გადადგომები მოიკითხეთ თქვენს პოლიტიკურ პარტიაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ტიკარაძის თქმით, საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.
ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2019 წლის 18 ივნისს დაინიშნა.