ირაკლი კობახიძე - მთლიანად ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დანიშვნის საკითხი არ განიხილება.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა კითხვაზე, განიხილება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი დანიშვნა.
„როგორც ხედავთ, მთლიანად ვარ ჩართული პარტიულ საქმიანობაში და ასე ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას არჩევნების ბოლომდე. შესაბამისად სხვა საკითხი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში რამე პოზიციის დაკავებაზე, არ განიხილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, მიაჩნია, თუ არა რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, კობახიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.
„ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს არის პირველ რიგში ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების გადასაწყვეტი. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული საკითხი არის მოწესრიგებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და თუ იქნება ასეთი ინიციატივა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ მსჯელობისთვის უმაღლესი საბჭოს წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.