ირაკლი კობახიძე - მტკიცებულების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა, ახლა უკვე ქვეყნის გარედან ნუ დაგვიბრუნებენ იმას, რაც 2012 წლამდე იყო
მტკიცებულების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა. ახლა უკვე ქვეყნის გარედან ნუ დაგვიბრუნებენ იმას, რაც 2012 წლამდე იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. გახსოვთ სავიზო სანქციები ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, სასამართლო სისტემის განვითარებას“.
ირაკლი კობახიძის თქმით, მტკიცებულების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება პრინციპულად მიუღებელია.
„ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და, საბოლოო ჯამში, ითქვა, რომ გაზეთებში ამოიკითხეს რაღაც ინფორმაცია, რაც სანქცირების საფუძველი გახდა. ეს წარმოუდგენელი რამ არის. იცით, რომ, მაგალითად, გვაქვს ძალიან მკაცრი ორგანული კანონი, რომელიც, მათ შორის, აწესრიგებს დისციპლინურ დევნას და უმკაცრესი სტანდარტია დადგენილი იმისთვის, რომ რაიმე დისციპლინური სანქცია შეეფარდოს მოსამართლეს. უცხო ქვეყნიდან ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე როცა ასანქცირებენ, ეს პირდაპირ ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას, რაც ძალიან უხეში ქმედებაა. ჩვენ ამაზე გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება.
მტკიცებულების გარეშე როცა გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის, კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ და ახლა უკვე ქვეყნის გარედან ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო. ეს არ არის სწორი. 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იყენებდა ასეთ მეთოდებს, მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს, ახლა უკვე ეს ქვეყნის გარედან ხდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ეს პრინციპულად მიუღებელია და ამაზე მომავალშიც ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.