ირაკლი კობახიძე - მთელი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას, ხომ შეიძლება, ცოტა ხანი მაინც დაასვენოთ ეს ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - მთელი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას, ხომ შეიძლება, ცოტა ხანი მაინც დაასვენოთ ეს ქვეყანა

მთელი რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას, ხომ შეიძლება, ცოტა ხანი მაინც დაასვენოთ ეს ქვეყანა, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველას შეუძლია, ნახოს თითოეული კანონპროექტი, თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც 12 პუნქტიდან გამომდინარე მიიღო საქართველოს პარლამენტმა და რომელი პარტია რამდენი გადაწყვეტილების მიღებაში იყო ჩართული.

„თითოეულ პუნქტთან მიმართებით არსებითი ცვლილებები განხორციელდა. ნებისმიერ სფეროში, სადაც კი ჩვენ დავამტკიცეთ კონკრეტული რეფორმები, ყველგან გვქონდა არსებითი ცვლილებები – საარჩევნო რეფორმა ავიღოთ, ავიღოთ რეგლამენტის რეფორმა, გენდერული თანასწორობის რეფორმა. უამრავი საკითხი იყო, ყველა სფეროში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები და რამდენ პუნქტში მიიღო მონაწილეობა რადიკალირმა ოპოზიციამ, შეგვიძლია, ამოვიღოთ შესაბამისი ამონაწერები და ძალიან კარგად ვნახავთ.

კარგად ჩანს, ვის უნდა 12 პუნქტის შესრულება და ვის არ უნდა, ვინ მონაწილეობს ამაში და ვინ არ მონაწილეობს და, საბოლოო ჯამში, ვინ რა ინტერესებით მოქმედებს. რას გააკეთებდა კონსტრუქციული ოპოზიცია და ევროინტეგრაციის მოსურნე ოპოზიცია ამ ოპოზიციის ადგილას, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, ჩაერთვებოდა ყველა პუნქტის შესრულებაში და ეს ჩართულობა იქნებოდა კონსტრუქციული, იქნებოდა მათი მხარდაჭერა ნებისმიერი ამ პუნქტის მიმართ. ასეთი ოპოზიცია, კონსტრუქციული ოპოზიცია იქნებოდა ჩვენი ევროინტეგრაციის ლობისტი. არა კანდიდატის სტატუსის არმიღების ლობისტი, რასაც დღეს ისინი აკეთებენ, არამედ ისინი იქნებოდნენ სწორედ 12 პუნქტის შესრულების ლობისტები და კანდიდატის სტატუსის მიღების ლობისტები, თუმცა ისინი სრულიად საპირისპირო მომართულებით მოქმედებენ.

ეს ყველაფერი პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოებასთან. ერთი წამოცდენა ჰქონდა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს, მან აღნიშნა, რომ არ მიენიჭება დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მათ უნდა ისარგებლონ ამით და უნდა ააყირავონ ხელისუფლება. ასეთი წამოცდენები აქვს ხოლმე ზურაბ ჯაფარიძეს, მაგიტოა გირჩი, რომ ასეთი წამოცდენები აქვს. ძალიან კარგი, მადლობა მას ამისთვის. წინასწარ გაშიფრა ის გეგმა, რომელიც ამ ადამიანების ტვინში იხარშება და ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსს პრაქტიკული და მატერიალური თვალსაზრისით ნამდვილად არ მოაქვს არაფერი, ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით.

„ზოგადად, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს და აქ გამონათქვამებიც იქნა ნახსენები, რომ ხომ არ არის ეს სათაგური და ა.შ. ერთი რამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ კანდიდატის სტატუსს პრაქტიკული თვალსაზრისით, მატერიალური თვალსაზრისით ნამდვილად არ მოაქვს არაფერი. ამაზე შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ, არც ფინანსური კუთხით, არც ეკონომიკური კუთხით და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კუთხით, მაგრამ აქ არის ერთი რამ საინტერესო. როდესაც არის გარკვეული მოვლენა, რომელსაც არ აქვს რაღაც არსებითი ცვლილების მოტანის რესურსი, მაგრამ არის უბრალოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი და ამას იყენებ შენ შენი ქვეყნის აყირავებისთვის, აქედან ძალიან კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ როგორი მატერიალური შედეგი შეიძლება მოიტანოს კანდიდატის სტატუსმა. მე ვთქვი, რომ არ აქვს ამას კონკრეტული მატერიალური შედეგი. მოლდოვის მაგალითი ავიღოთ. მოლდოვამ გასული წლის ივლისში მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამბობდნენ, თითქოს ეს კანდიდატის სტატუსი ააყვავებდა ქვეყანას, ჩვენ რომ მიგვეღო.

საქართველოს შარშან ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10 პროცენტზე მეტი. ინფლაცია იყო 9.5 პროცენტი, ესეც ბევრია, მაგრამ 9.5 პროცენტი იყო. გახსოვთ, რომ მოსახლეობა შეწუხდა, მაღალი მაჩვენებელი იყო ინფლაციის, მაგრამ რეგიონში იყო ასეთი ვითარება და საქართველოშიც, ბუნებრივია, გვქონდა მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ იყო 9.5 პროცენტი. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10 პროცენტზე მეტი და 9.5 პროცენტი ინფლაცია. მოლდოვას გეტყვით – ეკონომიკური ზრდა იყო 2 პროცენტი, ანუ ჩვენთან 10-ზე მეტი და იქ 2 პროცენტი. ინფლაცია ჩვენთან რომ იყო 9.5 პროცენტი, მოლდოვაში იყო 30 პროცენტზე მეტი. აი, აქედან მარტივად ჩანს, რომ რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ეს არის კონკრეტულად პოლიტიკური გზავნილი, მაგრამ მატერიალური შედეგები ამაში ვერ იქნება. მატერიალური შედეგები აქვს შენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე ზრუნვას. საქართველოში რომ ზრუნავს ხელისუფლება – პრემიერი, მთავრობა, მთლიანად მმართველი გუნდი უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტზე, სწორედ ამიტომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის 3-ჯერ ნაკლები მაჩვენებელი. მოლდოვაში სხვა პრობლემებია. მოგეხსენებათ ამიტომ აქვთ 2-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა და აქვთ 30 პროცენტზე მეტი ინფლაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაფრთხილება, ყველა ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

„ერთი რამ მინდა, ვთხოვო რადიკალურ ოპოზიციას, ვიცი, ამას არ შეასრულებენ, მაგრამ მინდა, გთხოვოთ, დაასვენეთ ეს ქვეყანა. აი, უბრალოდ, დაასვენეთ ეს ქვეყანა. ძლივს ამოისუნთქა საქართველომ. ჩვენ გამოვიარეთ ამ 10 წლის განმავლობაში ორი კრიზისი. პირველი იყო უკრაინის პირველი ომის შემდეგ, 2015-2016 წლები, მძიმე ეკონომიკური შედეგები ჰქონდა ამ ყველაფერს რეგიონზე და მათ შორის საქართველოზეც. გვქონდა ეკონომიკური, პლიუს სავალუტო კრიზისი, რაც ჩვენ გამოვიარეთ 2015-2016 წლებში. ამის შემდეგ იყო კოვიდი, ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა კოვიდმა ეკონომიკას. ამ 10 წლის განმავლობაში სამი წელი გვქონდა კრიზისული და ქვეყანამ ამოისუნთქა, გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შარშან, შარშანწინ და წელსაც არის უკვე წლის დასაწყისში კარგი მაჩვენებლები და გვაქვს იმის შანსი, რომ, საბოლოო ჯამში, თავი დავაღწიოთ სიღარიბეს, რადიკალურად გავზარდოთ ეკონომიკური მაჩვენებლები და ა.შ. ამას სჭირდება ერთადერთი რამ, სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა, უსაფრთხოება და ყველა ეს ადამიანი, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამას უპირისპირდება – სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას. ხომ შეიძლება, ცოტა ხანი მაინც დაასვენოთ ეს ქვეყანა. საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც დაასვენეთ ქვეყანა, მაგრამ არა. თავის ბუნებას ისინი ბუნებრივია, ვერ მოიშლიან“, – განაცხადა კობახიძემ.