ირაკლი კობახიძე - კონტექსტის გათვალისწინებით უმჯობესი იქნება, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდა ამოვიღოთ
ირაკლი კობახიძე - კონტექსტის გათვალისწინებით უმჯობესი იქნება, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდა ამოვიღოთ

ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია მხოლოდ ის, რომ უმჯობესი იქნება, უზენაესი სასამართლო თანდათანობით შეივსოს, ამიტომ არის მითითება შემდეგი მოწვევის პარლამენტზე და არა იმიტომ, რომ მოქმედ პარლამენტს არ ენდობიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გამოცდა დარჩეს, თუმცა კონტექტის გათვალისწინებით უმჯობესი იქნება, გამოცდა მთლიანად მოიხსნას.

„ხვალ საგნობრივი მსჯელობის საშუალება გვექნება, მათ შორის გამოცდის საკითხზე. არის რეკომენდაცია, ვენეციის კომისია აპრიორი არ მოითხოვს გამოცდის ამოღებას. წერია ერთი მხრივ, რომ უნდა იყოს შერჩეული გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი ამ პოზიციაზე და იქვე მითითებულია გამოცდა. გამოცდის ამოღებას აპრიორი არ მოითხოვს ვენეციის კომისია. ან ერთი დატოვეთ ან მეორეო. ხვალ ამაზე მსჯელობა გვექნება. მაინც მგონია, რომ მთელი კონტექსტის გათვალისწინებით მაინც უმჯობესი იქნება, გამოცდა მთლიანად მოვხსნათ, რომ სალაპარაკო არ გახდეს, თორემ მე პირადად მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ გამოცდა დარჩეს. გამოცდა ყველაზე ქმედითი ბერკეტია, რათა შევაფასოთ კვალიფიკაცია და კომპეტენცია მოსამართლეობის კანდიდატების“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.