ირაკლი კობახიძე - მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დეკემბრის ბოლოს, ან იანვარში ვიმსჯელებთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე დეკემბრის ბოლოს, ან იანვარში იმსჯელებს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის გამო, საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს სავარაუდოდ ერთ კვირაში წარედგინება.
„ამას თავისი დრო დასჭირდება. დაჩქარებული წესის ამოქმედების შემთხვევაშიც კი, მინიმუმ ორი კვირა დაგვჭირდება, რათა კანონპროექტი კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე გავიტანოთ. ამის შემდეგ საშუალება გვექნება, მთავრობას ნდობა გამოვუცხადოთ. შეიძლება, ეს დეკემბრის ბოლომდე ან იანვარში მოგვიწიოს. ეს რეფორმა ჩასატარებელი იყო და ინიციატივას მივესალმები. რეორგანიზაციის საკითხი კი, მთავრობის პრეროგატივაა“, – განაცხადა კობახიძემ.