საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია, როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, რაც მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა, როდესაც იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში, ეს დამატებით მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს, პრეზიდენტს შეყვეს კინკლაობის მცდელობაში.
„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ფაქტებით და ფაქტები არის შემდეგი: გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არც ერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. გასულია თითქმის ერთი წელიწადი. შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე. ეს რაც შეეხება შარშანდელ სამ წარდგინებას. შესაბამისად, ამ ნაწილში, სამწუხაროდ, უკვე გვაქვს არასწორი ინფორმაცია, რაც გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ასევე წელს, დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ მთავრობამ გააგზავნა წარდგინება ორი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით, ერთის გამოწვევასა და ორის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არათუ უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტმა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს მას ნათქვამი ორი ელჩის დანიშვნაზე და ერთის განთავისუფლებაზე. ეს ყველაფერი არის დოკუმენტურად დადასტურებული. არის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. შესაბამისად, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არის გაუგებარი. ერთი, რაც ჩანს, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან. აშკარად ხდება ის, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლება რეალურად, პრაქტიკული თვალსაზრისით, არ არის მისი კომპეტენცია და როგორც ჩანს, ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ეს ყველაფერი დასტურდება დოკუმენტებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხუთი ელჩი არ დანიშნა პრეზიდენტმა, მთავრობის წარდგინების მიუხედავად და ერთის განთავისუფლებაზე თქვა უარი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ქვეყნებსა და ელჩების გვარებს, კობახიძის თქმით, ვერ დაასახელებს, რადგან ეს მტავრობის კომპეტენციაა.
„რაც შეეხება მიზეზებს, ამ წერილობით უარში, რომელიც წელს გამოიგზავნა, იყო მოცემული უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ, პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის სფეროში. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია. როდესაც მიზანშეწონილობის ნაწილში იჭრება პრეზიდენტი, რაც მთლიანად მთავრობის პრეროგატივაა, როდესაც, მათ შორის საკუთარი ე.წ. არგუმენტებით, იჭრება საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში, მსჯელობს იმაზე, თუ რა არის მიზანშეწონილი და არა – არა, ეს თავისთავად დამატებით მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია ამ შემთხვევაში კონსტიტუცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება პრეზიდენტის კომპეტენციას, პრეზიდენტს აქვს მინიჭებული, ერთი მხრივ, ცერემონიული, სიმბოლური და მეორე მხრივ, სამართლებრივი კომპეტენცია ელჩების დანიშვნის ნაწილში, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი კომპეტენცია მთლიანად სიმბოლური არ არის.
„სიმბოლურთან ერთად, არის სამართლებრივიც. სამართლებრივი ნიშნავს იმას, რომ როდესაც პრეზიდენტს წარედგინება ელჩის კანდიდატურა, ის ამოწმებს, სამართლებრივად ხომ არ არის რაიმე ხარვეზი ამ წარდგინებაში. არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას, არამედ სამართლებრივ ხარვეზს ამოწმებს. თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ სამართლებრივად ხარვეზით იყო წარდგენილი შესაბამისი კანდიდატი, ამ შემთხვევაში შეუძლია, არ დანიშნოს. ანუ სიმბოლურთან ერთად, ეს არის სამართლებრივი კომპეტენცია, მაგრამ პოლიტიკურ მიზანშეწონილებაზე ვერ იმსჯელებს პრეზიდენტი. აგრეთვე, პრეზიდენტი ვერ იმსჯელებს იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ჯობია ამა თუ იმ კანდიდატის დანიშვნა ელჩად. ასეთი შემთხვევაც იყო. წარედგინა კონკრეტული კანდიდატი კონკრეტულ ქვეყანაში ელჩად პრეზიდენტს და პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს კანდიდატი აჯობებდა არა ამ ქვეყანაში, არამედ იმ ქვეყნაში, რაც ვერ იქნება პრეზიდენტის გადასაწყვეტი ერთი მარტივი მიზეზის გამო, საგარეო პოლიტიკას ამ ქვეყნაში ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ არ განაცხადა მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების არდამტკიცების შესახებ ამ დრომდე, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“, საქართველოს მთავრობა უფრთხილდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტს.
„ჩვენ არ გვინდოდა, ეს ჭუჭყი გამოგვეტანა გარეთ. ეს არის ჭუჭყი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. იგივე ვიზიტებთან დაკავშირებით დაარღვია არაერთგზის, ესეც არ გვინდოდა, გარეთ გამოგვეტანა. როდესაც მან თავად გადაწყვიტა ამ ჭუჭყის გარეთ გამოტანა, მაშინ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება, ამაზე საუბრის დაწყების თაობაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.