ირაკლი კობახიძე - მთავრობის სტრუქტურაში რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე საუბარი არ არის
მთავრობის სტრუქტურაში რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე საუბარი არ არის, პირიქით ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შესაძლო შემოღების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, მთავრობაში რაიმე რგოლის დამატებაზე საუბარი არ არის.
„ჩვენ გვქონდა დისკუსია აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივნის, ან რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე, აქ არ არის საუბარი რაიმე რგოლის დამატებაზე. საუბარი არის იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეს არის ზოგადი ინიციატივა, რომელზეც გრძელდება მსჯელობ. ჩვენ ვრჩებით იმ სტრუქტურაში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობაში, ეს არის მინისტრი და მინისტრის მოადგილე იქ რამე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე იმსჯელებს გუნდი. რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არ არის, პირიქით ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.