ირაკლი კობახიძე - მთავრობის შემადგენლობაში რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, არ ველოდებით
მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ველოდებით პრემიერის პოზიციას, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, არ ველოდებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ ველოდებით პირველ რიგში პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში, მისგან მოვისმენთ პოზიციას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე მოხდება განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე – უმრავლესობის სხდომაზე იყო თუ არა მსჯელობა კანდიდატურებთან დაკავშირებით, კობახიძემ განაცხადა, რომ ჯერ არ ყოფილა მსჯელობა და ელოდებიან პრემიერს.
ჟურნალისტები კონკრეტულად ჯანდაცვის მინისტრის საკითხით დაინტერესდნენ.
„არსებითად რჩება იგივე შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცვლილებებს, იუსტიციის ნაწილში არის გამოკვეთილი ცვლილება, სხვა რაიმე ინფორმაცია არ არსებობს რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში არ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.