ირაკლი კობახიძე - მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები ექნება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები ექნება. იქნებიან თუ არა მთავრობის შემადგენლობაში ახალი სახეები და არის თუ არა საჭირო შემადგენლობის განახლება, ამ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრს საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს.
„ეს არის თავად მამუკა ბახტაძის მიდგომა. ის ფიქრობს და მას მიაჩნია, რომ განახლება არის საჭირო სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის პერსონალური თვალსაზრისით. ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, მსჯელობა იქნება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ერთობლივად მივიღებთ გუნდში გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა შემადგენლობით უნდა დავუჭიროთ მხარი მთავრობას“,- განაცხადა პირველ არხთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება კონსულტაციების შინაარსს, პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ისევე როგორც მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმაზე, მის პერსონალურ შემადგენლობის შერჩევის პროცესშიც პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოსთან და გუნდთან აქტიურად ითანამშრომლებს.
„კონსულტაციები იქნება მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებითაც. პარლამენტი ამტკიცებს მთავრობას, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის წარდგენას წინ უნდა უძღოდეს კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან, კონსულტაციები პარლამენტთან. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მისი გახსნილი ურთიერთობისათვის, მისი აქტიური ჩართულობისათვის იმ დისკუსიებში, რასაც ჰქვია მთავრობა-პარლამენტის ერთობლივი დისკუსიები. მე ეს მაძლევს ძალიან კარგი მოლოდინის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც წარიმართა აქტიური კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის საკითხებზე, ასევე გვექნება ძალიან ინტენსიური და პროდუქტიული კონსულტაციები მთავრობის პერსონალურ შემადგენლობასთან დაკავშირებითაც“,- განმარტა პარლამენტის თავმდჯომარემ პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.