ირაკლი კობახიძე - მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, ამასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაციას საზოგადოებას ორშაბათს მიაწვდის.
კობახიძის თქმით, ეს ნორმალური მოვლენაა, როდესაც გარკვეული ფორმით იცვლება მთავრობის შემადგენლობა.
„გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა ამასთან დაკავშირებით, მირჩევნია, ორშაბათს გაგიზიაროთ მეტი ინფორმაცია. ეს ნაკლებად პოლიტიკური საკითხია, თუმცა მესმის, რომ თქვენთვის საინტერესოა. სავარაუდოდ, ორშაბათს გაგიზიარებთ მეტ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით.
ალბათ ორშაბათს ტრადიციულად გაიმართება პირველი მთავრობის სხდომა. რაც შეეხება რეზო ჯაველიძეს, რომელიც იკავებდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას, ის ძალიან ღირსეული ადამიანია, პროფესიონალი, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული ამ მიმართულებით. ეს არ არის პერსონალური საკითხი, სხვა მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში, შესაძლოა, გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, მათ შორის მედიის ნაწილში. ორშაბათს გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის პერსონალური თემა, ნორმალური მოვლენაა, როდესაც ასეთი ტიპის საკადრო გადაადგილებები ხდება, იცვლება მთავრობის შემადგენლობა გარკვეული ფორმით“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.