ირაკლი კობახიძე - მთავრობამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ არავითარი ლოკდაუნი არ იქნება, ამაში იგულისხმება როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკური ლოკდაუნი
საქართველოს მთავრობამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი ლოკდაუნი არ იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ პასუხად განაცხადა კითხვაზე – საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, იგეგმება თუ არა არჩევნების შემდეგ ქვეყნის ჩაკეტვა.
კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ოპონენტების მხრიდან სპეკულაციას წარმოადგენს.
„ეს არის ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია და ამაზე გვაქვს მარტივი პასუხი – საქართველოს მთავრობამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი ლოკდაუნი არ იქნება. ამაში იგულისხმება, პირველ რიგში, ეკონომიკური ლოკდაუნი და ასევე, პოლიტიკური ლოკდაუნი.
თეორიულად, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ სიტუაციის სერიოზული გამწვავება, კოვიდ-ვითარებას ვგულისხმობ, ამ ეტაპზე არ იკვეთება.
ჩვენ თუ ავიღებთ საერთაშორისო სტანდარტებს, როდის ხდება ეკონომიკური ლოკდაუნის შემოღება, ამის საფუძვლები არ იკვეთება და არ გამოიკვეთება უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე – გამორიცხავს თუ არა თბილისის ჩაკეტვას, კობახიძე პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან არაერთი მკაფიო განცხადება გაკეთდა.
„კი ბატონო, ამასთან დაკავშირებით არაერთი მკაფიო განცხადება გაკეთდა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომ არ იქნება ლოკდაუნი. აქ იგულისხმება, პირველ რიგში, ეკონომიკური ლოკდაუნი და ეკონომიკურ ლოკდაუნთან ერთად პოლიტიკური ლოკდაუნი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.