ირაკლი კობახიძე - მთავრობამ დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება ეროვნულ დონეზე და ამ კუთხით პარლამენტის როლი მნიშვნელოვანია
საქართველოს მთავრობამ დაიწყო უკვე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება ეროვნულ დონეზე და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის როლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ სემინარზე „საპარლამენტო ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთკვირიანი ინტერვალით, უკვე მეორე ღონისძიება ტარდება მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით.
„ამ მიზნების მიღწევა ბუნებრივია, პრიორიტეტული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ მანამდე დავიწყეთ ამ პრიორიტეტების გამოკვეთა, ვიდრე დადგინდებოდა მდგრადი განვითარების მიზნები, როდესაც ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკა, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით. ეს პოლიტიკები ეფუძნებოდა სწორედ იმ მიზნებს, რომლებიც არის ჩამოყალიბებული მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მიზნების საბოლოოდ მიღწევა. ვიცით, რომ ეს არ იქნება იოლი გამომდინარე მათ შორის ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ამ ეტაპზე, ნომინალური შიდა პროდუქტი არის 4 ათას დოლარზე ოდნავ მეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ დიდი დროა საჭირო, რათა ეკონომიკური განვითარების სათანადო დონე მიიღწეს.
„2030 წელი შეიძლება იყოს ამ თვალსაზრისით ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ის, ასე ვთქვათ, თარიღი, როდესაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი მიაღწევს ხუთ ნიშნა მაჩვენებელს და ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ არსებითად დავძლიოთ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და მივაღწიოთ ეკონომიკური განვითარების სათანადო დონეს, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული იმ მიზნების მიღწევასთან, რომელიც არის განსაზღვრული მდგრადი განვითარების დღის წესრიგით. მთავრობამ დაიწყო უკვე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება ეროვნულ დონეზე და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის როლი. ჩვენ გვესმის, რომ ძირითადი როლი ამ კუთხით უნდა შეასრულოს საქართველოს მთავრობამ, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პარლამენტის როლი. განსაკუთრებით, ჩვენი საზედამხედველო ფუნქცია და როლი ამ მიმართულებით. ამ პროცესში, ამ დღის წესრიგის განხორციელებაში უნდა იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი, უნდა იყოს ჩართული მისი თითოეული კომიტეტი, თითოეული კომიტეტი არის დაკავშირებული პირდაპირი ფორმით მდგრადი განვითარების მიზნებთან, აქედან გამომდინარე, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პარლამენტის ყველა რესურსის გამოყენება, რათა ეს მიზნები იყოს სათანადოდ მიღწეული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაღლდეს როგორც პარლამენტარების, ასევე პარლამენტის აპარატის ცნობიერება ამ მიმართულებით
„ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, პარლამენტის მიერ ზედამხედველობის პროცესში, ჩართულობის პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო სამოქმედო გეგმის არსებობა და ამ კუთხით მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. პირდაპირ არის დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნები ღია მმართველობის პროგრამასთან. ჩვენ გვაქვს სპეციალური სამოქმედო გეგმა, რათა შესაბამისი მიზნები იყოს მიღწეული და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პარლამენტის როლის გაზრდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ღია მმართველობის პროგრამასთან პირდაპირ არის დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნები. მინდა, დასასრულს, მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საპარლამენტთაშორისო კავშირს (IPU), რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო და ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, გენერალური მდივნის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით, მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA ), შვედეთის მთავრობას იმისთვის, რომ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან სერიოზულად ეხმარებიან საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად, ასევე, საქართველოს პარლამენტს. მათი მხარდაჭერა და თანადგომა არის ფასდაუდებელი და კონკრეტულად, რაც შეეხება მდგრადი განვითარების დღის წესრიგს, ამ მიმართულებით მათი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ფასდაუდებელი, მინდა, მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა”, – განაცხდა ირაკლი კობახიძემ.