ირაკლი კობახიძე - მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის
მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა სპორტსმენებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ გისურვოთ წარმატებები თითოეულ თქვენგანს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.
მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.
თავისთავად უკვე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არის ძალიან დიდი წარმატება, ძალიან დიდი პატივი და ეს პატივი, მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ, მაგრამ აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ოლიმპიური ტრადიციული დევიზი – მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება – ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის ყოველთვის მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა. ჩვენთვის განმსაზღვრელი, მთავარი არის, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.