ირაკლი კობახიძე - მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს და ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი
მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს და ძალის გამოყენებისას არ უნდა დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრს და რუსთაველის ქუჩაზე განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.
„როდესაც დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე გათავისუფლებული იყო ამ დროისათვის პარლამენტის წევრი ნიკა მელია, ეს იყო მოცემულობა. მოხდა მისი განრიდება და როგორც კი მოხდა სხვა ლოკაციამდე გადაადგილება, მაშინვე გაათავისუფლეს. მიზანი არ იყო დაკავება, მიზანი იყო განრიდება. იმოქმედა შესაბამისად შსს-მ კანონის მიხედვით, როგორც შეიცვალეს ლოკაცია როგორც კი აღკვეთა სამართალდარღვევის საფრთხე, მაშინვე მოხდა პარლამენტის წევრის გათავისუფლება. რაც შეეხება საკრებულოს წევრებს, ამ საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს. საკრებულოს წევრებს არ იცავს იმუნიტეტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ძალის გამოყენება არის ზოგადად ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარია არ მოხდეს ძალის არათანაბარზომიერი გამოყენება.
„ძალის გამოყენება არის ზოგადად ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარი არ მოხდეს ძალის არათანაბარზომიერი გამოყენება და ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ დავინტერესდებით შსს-სთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. პროტესტი არის ყველას უფლება, ეს არის კონსტიტუციური უფლება, მთავარია პროტესტის გამოხატვისას ჩვენ არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს. ეს არის მნიშვნელოვანი და მეორე მხარეს მნიშვნელოვანია, რომ ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი. ამ პროცესებს ჩვენ ბუნებრივია დავაკვირდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.