ირაკლი კობახიძე - მთავარია, არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე რეზოლუციის საერთო ტექსტზე შევთანხმდეთ
„რეზოლუციასთან დაკავშირებით დათმობებზე საუბარი არასწორია. მთავარია, რომ ჩვენ ერთად შევთანხმდეთ საერთო ტექსტზე – ეს უნდა იყოს სულისკვეთება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საერთო რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქმე საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს ეხება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ერთიან ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მოახერხებენ.
„აქ საქმე ეხება საერთო ეროვნული მნიშვნელობის საკითხს: ეს არის ოკუპაციის საკითხი, ეს არის ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე და მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა ერთიან ტექსტთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით წარდგენილია რეზოლუციის ორი პროექტი, ერთი უმრავლესობის მიერ მომზადებული, მეორე – უმცირესობის. დოკუმენტის ერთიან ტექსტზე შეთანხმების მიზნით, პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციები იმართება.