ირაკლი კობახიძე - მთავარი, ვისაც შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს დავით გარეჯის საქმეში, არიან მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები
მთავარი, ვისაც შეიძლება, ბრალი მიუძღოდეს დავით გარეჯის საქმეში, არიან მაშინდელი უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არსებობს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების საეჭვო განცხადებები და გამოძიების მთავარი საგანი უნდა იყოს, რა იდგა ამ განცხადებების უკან.
„2006 წელს ამ ხელისუფლების სისტემაში ვინც იყვნენ, ისინი აუცილებლად უნდა გამოიკითხონ. შეუძლებელია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები დაბალ დონეზე იყოს მიღებული. ვინ მართავდა ამ პროცესებს, რომელიც იყო დაკავშირებული საზღვრებთან, ეს არის საინტერესო და, რა თქმა უნდა, აქ არის გამოკითხვა საჭირო, ვინც აკეთებდა საეჭვო განცხადებებს დავით გარეჯთან დაკავშირებით. მე მახსოვს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, კულტურისა თუ თავდაცვის მინისტრის ძალიან საეჭვო განცხადებები, რატომ კეთდებოდა ეს განცხადებები, რა იდგა ამის უკან, რა კავშირი იყო ამ განცხადებებსა და იმ ქმედებებს შორის, რომელიც საჯარო მოხელეების მხრიდან განხორციელდა, ბუნებრივია, ამით გამოძიება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს და მათგან უნდა მოვისმინოთ ჩვენ პასუხი. ჩვენთვის მთავარი ინტერესია, რომ ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, თუ რა ხდებოდა 2006 წელს ამ საქმის უკან, ასევე ჩვენ აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვართან დაკავშირებით. ორი ინტერესი გვაქვს და ბუნებრივია, ორივე მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.