ირაკლი კობახიძე - მთავარი, რატომაც კონკრეტული ევროპარლამენტარები ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის ის, რომ სწორედ მათ წაახალისეს სააკაშვილი, როცა უკანონოდ ჩამოდიოდა საქართველოში
გარკვეულ ნაწილში ევროპარლამენტართა ტექსტები შერბილებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„მიქსერზე ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვებზე შეიძლება თქმა, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტული ევროპარლამენტარები, EPP, ასე შემდეგ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, არის ის, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა წაახალისეს სააკაშვილი, როდესაც ის უკანონოდ ჩამოდიოდა საქართველოში. შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ წაახალისეს სააკაშვილი და ახლა ზრუნავენ მის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მაშინ, როდესაც აქამდე ცალკეულ ევროპარლამენტართა მხრიდან აქცენტი კეთდებოდა სააკაშვილის დევნაზე, რას ნიშნავს ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის განცხადება, რომელიც მან ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, საქართველოს განსხვავებული პოლიტიკური ინტერესი აქვს.
„ჩვენი ქვეყნის ობიექტური პოლიტიკური ინტერესია, იყოს სიმშვიდე და ამ სიმშვიდისთვის მათ შორის, არის მნიშვნელოვანი, რომ სააკაშვილმა სათანადოდ მოიხადოს სასჯელი, თანასწორობის პრინციპის შესაბამისად. არ შეიძლება, სააკაშვილი იყოს პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით. მით უმეტეს, მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე დანარჩენ 9 000-ზე მეტ პატიმარს. ამიტომ, ამ პოლიტიკური დირექტივის მოცემის მცდელობას ჩვენ ვერ გავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, არის საქართველოს ხელისუფლებისთვის რაღაც დირექტივების მიცემის მცდელობა, რადგან სხვადასხვა დოკუმენტში ასეთი ტექსტები იწერება, მაგრამ მმართველი გუნდი ასეთ კარნახს ვერ გაჰყვება და ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს ქვეყნის ობიექტური, ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„კეთილი ენებათ და როცა ახალისებდნენ სააკაშვილს, რომ ჩამოსულიყო საქართველოში, მაშინ ეზრუნათ მის თავისუფლებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებმა ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
„იყო მოწოდებები და დოკუმენტში ასახული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის მიღების საშუალება. ეს ჰუმანიტარული პოზიციაა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეშფოთებების გამო. ეს არ არის პარლამენტის მიერ პოზიციის დაკავება მის კრიმინალურ ბრალდებებთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის. ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ეს გადაჭრიდა პოლიტიკურ ჩიხს ქვეყანაში“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.