ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მონაწილეობს.
ღონისძიების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი მასპინძლობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.
კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ღონისძიების მთავარი მიზანია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.