ირაკლი კობახიძე - მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები, რათა მაქსიმალურად კარგი ტემპი შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით
მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერეთი მთავარი გასაღები, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მშვიდობის დარღვევამ უკრაინისთვის მძიმე შედეგები მოიტანა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას. თქვენ ნახეთ, მშვიდობის დარღვევამ რა შედეგები მოიტანა უკრაინისთვის. მხოლოდ პირველივე წელს 30%-იანი ეკონომიკური რეცესია ჰქონდა ამ ქვეყანას და თავადაც შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა სოციალური ცვლილებები გამოიწვია ამ ყველაფერმა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ასევე, მართალია, მოლდოვა უშუალოდ არ არის ომში ჩართული, მაგრამ ომმა უშუალო გავლენა მოახდინა მოლდოვის ეკონომიკაზე. ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით ცხრა მლრდ დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ 2,5 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად კარგი ტემპები შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე. საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესისთვის შექმნილ გარემოს, ბიზნესის თავისუფლებას, მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფორმატები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მაქსიმალურ წარმატებას მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.