ირაკლი კობახიძე - მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და  სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის უმთავრეს მიზნებად რჩება
ირაკლი კობახიძე - მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და  სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის უმთავრეს მიზნებად რჩება

ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანი ყველა იმ სიკეთის განმტკიცებაა, რომელიც 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოიტანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და  სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის უმთავრეს მიზნებად რჩება.

„დღეს ჩვენ გაბარებთ ჩვენი პარტიის რვაწლიანი საქმიანობის ანგარიშს და წარმოგიდგენთ საარჩევნო პროგრამას, რომლის მიზანი ყველა იმ სიკეთის განმტკიცებაა, რომელიც 2012 წლის დემოკრატიულმა გარდატეხამ მოიტანა.

საარჩევნო პროგრამაში ასახულია ორი უმთავრესი ეროვნული პრობლემა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო – ოკუპაცია და სიღარიბე. მშვიდობიანი ძალისხმევით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგება და საქართველოში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენი სახელმწიფოსა და ხელისუფლებისთვის უმთავრეს მიზნებად რჩება. ჩვენი საარჩევნო პროგრამის მიზანი ეფექტიანი და მზრუნველი ხელისუფლების მიერ იმგვარი რეფორმების განხორციელებაა, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას, აამაღლებს კეთილდღეობის დონეს და გააუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, ადამიანებს მისცემს განვითარებისა და თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას გაუმყარებს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის სახელმწიფოებრივი განვითარების ევროპული სტანდარტი, საითკენაც მიისწრაფვის ჩვენი სახელმწიფო. საქართველოში ამ სტანდარტის სრული მასშტაბით დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. ევროკავშირი არის უალტერნატივო სივრცე ჩვენი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად. ჩვენი საარჩევნო პროგრამა ეფუძნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ამბიციას, შექმნას ყველა პირობა, რათა 2024 წელს საქართველომ გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“, – განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამ მოიტანა ფუნდამენტური წინსვლა ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

„აღიკვეთა ადამიანების ღირსების შელახვის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ტოტალური თვალთვალისა და მოსმენის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ბიზნესის რეკეტის, კერძო საკუთრების ხელყოფის, კონსტიტუციური ინსტიტუტების დამორჩილების სისტემური პრაქტიკა. „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც განამტკიცებს უმაღლესი ევროპული სტანდარტის საპარლამენტო მმართველობის სისტემას და ქმნის მყარ ფუნდამენტს ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის. დღეს საქართველო არის თავისუფალი ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროპული ტიპის, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის დამკვიდრებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, პარტიის საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში ჩართული იყო პარტიის პოლიტიკური გუნდი ფართო შემადგენლობით: ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, პარლამენტის მოქმედი და მომავალი წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაღალკვალიფიციური ექსპერტები.