ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ გრიგოლ ვაშაძით 17%-იანი შედეგის გამეორება გაუჭირდება
ჩვენ პოლიტიკურ გუნდში რამდენიმე კანდიდატია, რომლებსაც საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პირველ ტურში, უმარტივესად შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციები თვის ბოლომდე გაგრძელდება და საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პოზიცია ამის შემდეგ იქნება ცნობილი.
„ჩვენ პოლიტიკურ გუნდში რამდენიმე კანდიდატია, რომლებსაც ამ არჩევნების მოგება პირველ ტურში უმარტივესად შეუძლია. ყველაფერი კონსულტაციების საფუძველზე უნდა გადაწყდეს და ამ კონსულტაციებით გაირკვევა, როგორ წარვდგებით საპრეზიდენტო არჩევნებზე. ნებისმიერი კომენტარის გაკეთება კონკრეტულ კანდიდატზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ტაქტიკური თვალსაზრისით უმჯობესია, რომ ჩვენი კანდიდატი გვიან დასახელდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ათი გაერთიანებული პოლიტიკური პარტიის კანდიდატზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუსტი კანდიდატი შეგნებულად დაასახელა.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუსტი კანდიდატი შეგნებულად დაასახელა. რა შეიძლება იდგეს ამის უკან, ეს შეიძლება მოგვიანებით გაირკვეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი ჰქონდა, თავისი 17%-იანი შედეგი გაემეორებინა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ვაშაძით 17%-იანი შედეგის გამეორება „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.