ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ და აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება
დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება სხვადასხვა მთავრობებში, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებშიც, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებშიც, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებს.
„არ მინდოდა დღეს სამთავრობო ცვლილებებზე მესაუბრა, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში, ეს არ არის იმ ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც იმართება დღევანდელი კონფერენცია, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ თავს მოვალედ მივიჩნევ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და სახელმწიფო იმართება ამ სტანდარტების შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და სამთავრობო ცვლილებების პირობებში ჩვენთვის მთავარია სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. გასული 6 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში. მთავრობების ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული ვითარებიდან გადახვევას, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის გარდატეხის შემდეგ. შეგახსენებთ, რა არის ამ პროგრესის კონკრეტული ხელშესახები შედეგები – ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2012 წლამდე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა იმართებოდა ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ეს შევცვალეთ რადიკალურად, რისი შედეგიც არის ის, რომ ქვეყანა იმართება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა და რადიკალურად დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი, რასაც მოწმობს ის მდგომარეობა, რაც იყო შექმნილი სასჯელაღსრულების სისტემაში და რაც არის შექმნილი 2012 წლის შემდეგ.
„ჩვენ გვაქვს დრამატული პროგრესი, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ეს პროგრესი მიღებულ იქნა “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა მთავრობის პირობებში. ეკონომიკის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა გასული წლების განმავლობაში. საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის ტემპით, რაც არის „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგი. სოციალური პოლიტიკის კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ორჯერ მეტად გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს მოსახლეობის უკეთესად დაცვას სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც არის ფუნდამენტური წინსვლა და პროგრესი. სტაბილურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2012 წლიდან რადიკალურად გაიზარდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვართ მცირე, თუმცა ამბიციური ქვეყანა და გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოებაში. დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება სხვადასხვა მთავრობებში. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებშიც, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებშიც, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ და აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.