ირაკლი კობახიძე - მოვუსმინეთ ბორელს, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს და კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელდება მუშაობა დეოლგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე
ირაკლი კობახიძე - მოვუსმინეთ ბორელს, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს და კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელდება მუშაობა დეოლგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე

ჩვენ მოვუსმინეთ ბორელს, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, მათ შორის ბატონ კოპმანს, რომელიც ხელმღვანელობს შესაბამის დეპარტამენტს ევროკომისიაში, სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, გაგრძელდება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, პირველ რიგში, ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და მთავრობა მუშაობას დასკვნის შემდეგ გააგრძელებს.

„მეორე ნაწილში რეკომენდაცია იყო, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომას. ჩვენ ასევე ვთხოვეთ, მოვიწოდეთ თავად ევროკომისიას, მათაც უარი თქვან პერსონალიზებულ მიდგომაზე, რადგან ჩანაწერი, რომელიც არის მოცემული 12 პრიორიტეტში, თავისთავად გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. სწორედ ასეთი პერსონალიზებული მიდგომით იყენებდა ბოროტად ამ ჩანაწერს როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ასევე ამას აკეთებდნენ კონკრეტული ევროპარლამენტარები და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც დაკავშირებული არიან ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციასთან. კარგი იქნება, თუ თავად ევროკომისიაც იტყვის უარს ამ პერსონალიზებულ მიდგომაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველ გუნდში გუშინ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ცალკე კანონის მიღების საჭიროება აღარ დგას და საკანონმდებლო ორგანო მსგავს კანონს აღარ მიიღებს, რადგან ევროკავშირის მხრიდან ეს მოთხოვნა მოხსნილია. მათივე თქმით, პარლამენტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.