ირაკლი კობახიძე - მოვისმინეთ სპეკულაციები პოლიტიკოსების მხრიდან, ვიდრე ოპერაცია არ დასრულდება, დეტალების გამჟღავნება საფრთხის შემცველია
უამრავი ქვეყანაა, სადაც ანალოგიური ტიპის დანაშაული ფიქსირდება და მათ შორის არის ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული საპოლიციო და სამართალდამცავი სისტემის მქონე ქვეყნები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ზუგდიდში გუშინ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
„არის უამრავი ქვეყანა, სადაც ანალოგიური ტიპის დანაშაული ფიქსირდება და მათ შორის არის ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული საპოლიციო და სამართალდამცავი სისტემის მქონე ქვეყნები. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს სისტემური, სისტემური პრობლემები იკვეთება კრიმინალის ტენდენციებში და ტენდენციებთან დაკავშირებით, მაგალითად, რამდენი იყო განზრახ მკვლელობის რაოდენობა წინა ხელისუფლების პირობებში და რამდენია ახლა, რამ განაპირობა ის, რომ ორჯერ არის შემცირებული საქართველოში განზრახ მკვლელობების რაოდენობა, ტენდენცია ეს არის და არა ერთჯერადი დანაშაული, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს კონკრეტული დანაშაული“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აცხადებს, რომ მედიას მას შემდეგ ექნება დამატებითი ინფორმაცია, რაც სპეცოპერაცია დასრულდება.
„სპეცოპერაცია როდესაც დასრულდება ყველა დეტალთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ სპეცოპერაცია დასრულებული არ არის, არ გაქვთ სრული ინფორმაცია, რაც არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, როდესაც საუბარია მიმდინარე სპეცოპერაციაზე, ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებამ შეიძლება პრობლემა შეუქმნას ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, დანარჩენი არის სპეკულაციები. მოვისმინეთ ძალიან ბევრი სპეკულაცია პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის იურისტი პოლიტიკოსების მხრიდან და ნათელია, რომ ეს არის სპეკულაციები, რადგან ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ვიდრე ოპერაცია არ დასრულდება, მანამდე დეტალების გამჟღავნება არის საფრთხის შემცველი ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი და რა არის გაუგებარი, არ მესმის“, – განაცხადა კობახიძემ.