ირაკლი კობახიძე - მოსმენების კანონი ეხება დამნაშავეების კონტროლს, აშშ-ის საელჩოს განცხადება დამნაშავეებსა და მოქალაქეებს აიგივებს, ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება ორ არასწორ მინიშნებას შეიცავს.
კობახიძის თქმით, ტყუილია, რომ მოსმენების შესახებ კანონი ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
მისივე განაცხადებით, კანონი ეხება დამნაშავეების კონტროლს და შემაშფოთებელია, როცა ამერიკის საელჩოს განცხადება დამნაშავეებსა და საქართველოს მოქალაქეებს აიგივებს.
„ეს განცხადება ძალიან დასანანი და სამწუხაროა, რადგან შეიცავს ორ არასწორ მინიშნებას. პირველი – საუბარია იმაზე, თითქოს კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც ტყუილია. ჩვენ როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ, რომ სამართლებრივი არგუმენტები წარმოედგინათ. შემდეგ ამ პროცესში პრეზიდენტი ჩაერთო და ცვლილებებს ვეტო დაადო. ამის შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა, მგრამ ვერავინ წარმოადგინა სამართლებრივი შენიშვნა, მით უმეტეს, არავის უთქვამს, რომელი სტანდარტია დარღვეული. ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული. მათ შორის, საელჩოს ჰკითხეთ და ვერავინ ვერაფერს დაგისახელებთ. დღემდე ვერ დაასახელეს. ექვსი თვე გავიდა, რაც ცვლილებები დაინიცირდა და ერთი სამართლებრივი შენიშვნა ვერ გამოთქვეს, რაც არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში.
კიდევ ერთი სამწუხარო რამ წერია. არ ვიცი, თუ გინდათ, ტყუილი დაარქვით, ეს მძიმედ უნდა შეფასდეს – თითქოს ეს კანონი მიზანმიმართულად იქნა მიღებული მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურად წერია მონიტორინგი, ქართულად – კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა, ინგლისურშიც იმიჯნება ეს ტერმინები. მოქალაქეების კონტროლი არის ის, რასაც სინამდვილეში, არ ეხება ეს კანონი. ის ეხება დამნაშავეების კონტროლს და შემაშფოთებელია, როცა ამერიკის საელჩოს განცხადება დამნაშავეებსა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთთან აიგივებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მოსმენების შესახებ კანონი მკაცრად და ზუსტად არის გაწერილი.
„ძალიან მკაცრად არის გაწერილი ეს კანონი. ზუსტად არის გაწერილი ყველაფერი, მათ შორის ვადები, ვადების გახანგრძლივების წესი, დანაშაულის კატეგორიები. კანონი საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხება და როცა ამ მძიმე დამნაშავეების და პოტენციური დამნაშავეების გაიგივება ხდება საქართველოს მოქალაქეებთან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგია. არ ვიცი, რატომ ხდება რეგულარულად ასეთი შეცდომების გაპარება საელჩოს განცხადებაში. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმეა. ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციული ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას. თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია საქართველოში დეპოლარიზაცია, ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მაშინვე იყენებს ხოლმე ვითარების პოლარიზაციისთვის. ეს არის სამწუხარო და დასანანი. იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში საკუთარ პოზიციებს მეტი ყურადღებით მოეკიდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს“.