ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა შერჩევის შესახებ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოების ინტერესებშია
საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობას ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი დღის წესრიგი აქვს.
„ჩვენ გვქონდა სამუშაო პროცესი. ამ სამუშაო პროცესის საფუძველზე წარვადგინეთ კანონპროექტი და ვიღებთ მას.ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. დანარჩენი კი, თანმდევი პროცესებია, რაც ბუნებრივია, ნაკლებად გვაინტერესებს ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენი დღის წესრიგით უნდა ვიმოქმედოთ. ამოცანა არის ღია, გამჭვირვალე პროცედურის დადგენა, რაც უზრუნველყოფილია ამ კანონპროექტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურას ითვალისწინებს.
„ეს არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა. თუ ვინმე დაასახელებს ერთ ქვეყანას, თუნდაც ევროკავშირის, სადაც ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა არის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისთვის, შეგვიძლია, გავიწვიოთ ჩვენი კანონპროექტი. ასეთი ანალოგი არ არსებობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, შერჩევის პროცედურა ხანგრძლივი და გამჭვირვალე იქნება. საზოგადოება მასზე დაკვირვებას შეძლებს.
„ჩვენ ვამზადებთ პროცედურას, რომელიც იქნება დროში ხანგრძლივი, ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას შეეძლება დაკვირვება ამ პროცესზე, თითოეულ საფეხურზე, როგორ შემცირდება ეს სია პირობითად 300-დან 45-მდე, შემდეგ 18-მდე, როგორ მოხდება მათი წარდგენა პარლამენტში, როგორ წარიმართება განხილვა პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ყველაფერი საზოგადოების თვალწინ ჩაივლის, რაც იმის გარანტია, რომ საბოლოო ჯამში პარლამენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოების ინტერესებშია და, რომელიც საზოგადებისთვის მოსაწონი იქნება.
„სწორედ ეს კანონპროექტი არის ამის გარანტია და ამის შედეგს ჩვენი საზოგადოება თავად იხილავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.