ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ჩვენი კანონპროექტი სამართლებრივ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია
მოსამართლეთა შერჩევის შესახებ ჩვენს მიერ მომზადებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავებისას ავტორები ევროსაბჭოს საკვანძო რეკომენდაციებითა და კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ველოდებით რამე სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს 1-2 აპრილს ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვევიან.
„ბუნებრივია, მათთან შეხვედრა გვექნება. ამის შემდეგ მომზადდება საბოლოო დასკვნა და ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ დასკვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგადად დასკვნის გათვალისწინების პრაქტიკულ შესაძლებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ გადავდეთ ორი კვირით მეორე მოსმენით მიღება, გვაქვს საშუალება, დასკვნა ავსახოთ სათანადოდ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.