ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს
დღეს ვენეციის კომისიამ გამოგვიგზავნა დასკვნა და როგორც მოსალოდნელი იყო, ვენეციის კომისია დადებითად აფასებს კანონში ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არის რამდენიმე რეკომენდაცია და მმართველი გუნდი მზად არის, გაიზიაროს ის რეკომენდაციები, რომელებიც შესაბამისობაშია კონსტიტუციისა და სამართლის ლოგიკასთან.
„ამ მიდგომის შესაბამისად, ჩემი პოზიციაა, რომ შესაძლებელია რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის გათვალისწინება. მათ შორის, ჩემი აზრით, შესაძლებელია იმის გათვალისწინებაც, რომელიც ჩვენი ოპონენტების მოთხოვნებს ეფუძნება. მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს რეკომენდაცია შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ. ჩემი პოზიციაა, როგორც ერთ-ერთი ინიციატორის, ეს წინადადება შეიძლება, გავითვალისწინოთ. ასევე შეიძლება, გათვალისწინებული იყოს რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს. ჩვენ უკვე ავსახეთ ორგანული კანონის პროექტში ყველა ნორმა, რომელიც გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს მოსამართლეების შერჩევისა და არჩევის დროს. კერძოდ, ჩვენ იუსტიციის საბჭოს კანდიდატ წევრს დავუტოვეთ მხოლოდ სხვა კანინდატებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა და აქ გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი. არის ინიციატივა, რომ საბჭოს წევრს, რომელიც არის კანდიდატი, საერთოდ არ ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება და აქაც მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ამ რეკომენდაციის გაზიარება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, გაიმართოს კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან და საბოლოო პოზიცია ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.
„ჩვენ დაგვჭირდება ამ საკითხების გავლა გუნდთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან. მხოლოდ ამის საფუძველზე შეგვეძლება საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება. ხვალ გაიმართება შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, პარტიებთან, არასამთავრობოებთან, სადაც ვიმსჯელებთ რეკომენდაციებზე. გაიმართება უმრავლესობის შეკრება, სადაც ვეცდები, დავარწმუნო ჩვენი კოლეგები, რომ საჭიროა გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება, მათ შორის, ისეთი რეკომენდაციებისაც, რომელიც შეიძლება, არ ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.