ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა შერჩევაზე ჩვენს მიერ შეთავაზებული პროცედურა ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკულ პროცედურებთან შედარებით გაცილებით გამჭვირვალეა
ირაკლი კობახიძე - მოსამართლეთა შერჩევაზე ჩვენს მიერ შეთავაზებული პროცედურა ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკულ პროცედურებთან შედარებით გაცილებით გამჭვირვალეა

კონსტიტუცია ადგენს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს და შემდეგ პარლამენტი ირჩევს, ანუ ეს ორი ორგანოს უფლებამოსილებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოცემული ჩარჩოს ფარგლებში უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა გაიწერა.

„ამ ჩარჩოს ფარგლებში, ჩვენ უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა გავწერეთ, რომელსაც ანალოგი არ აქვს არც ერთ, ევროკავშირის ქვეყანაშიც კი. კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, დაასახელონ თუნდაც ევროკავშირის ერთი ქვეყანა, სადაც ამის მეათედი მაინც არის დადგენილი. ეს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროცედურა არამხოლოდ შესაძლებლობას, არამედ იმის გარანტიასაც იძლევა, რომ უზენაეს სასამართლოში საბოლოოდ პარლამენტი კეთილსინდისიერ და მაღალკვალიფიციურ მოსამართლეებს აირჩევს.

„ამის გარანტია კანონპროექტში პირდაპირ ჩადებულია“, – განაცხადა ირაკლი კობაიძემ.

რაც შეეხება კითხვას ამ საკითხზე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გაწერილი პროცედურა ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკულ პროცედურებთან შედარებით გაცილებით ღია და გამჭვირვალეა.

„აქაც იგივეს თქმა შემიძლია. მე ვთქვი, რომ ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ არის, სადაც ამის მეათედიც კი არის დადგენილი ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეგიძლიათ პროცედურა ნახოთ. იმის მეათედიც კი არ არის უზრუნველყოფილი, რაც იმ კანონპროექტითაა უზრუნველყოფილი, რომელიც ჩვენს მიერ არის შეთავაზებული. ეს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურაა, რომლის იქით უბრალოდ არაფერი აღარ არსებობს. 10-ჯერ ღია და გამჭვირვალეა, ამას უხეშად ვამბობ, შეიძლება, 100-ჯერაც, ჩვენი პროცედურა ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკულ პროცედურებთან შედარებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენით შემდეგ კვირაში მიიღება.

„ეს კანონპროექტი მესამე მოსმენით იქნება მიღებული შემდეგ კვირაში და საბოლოო ჯამში, უნდა დაიწყოს პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ მოსამართლეებს ავირჩევთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა 23 აპრილს განაცხადა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, ამასთან, აღნიშნა: „ცოტა გულდაწყვეტილი ვართ, რადგან მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონში რეკომენდაციების გათვალისწინება ადეკვატურად და სრულად არ მოხდა“.